ნინო ლომჯარია - იგეგმება ჩვენი კონსილიუმის ვიზიტი გორის საავადმყოფოში, დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, რადგან  პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორის სავარაუდო ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით
ნინო ლომჯარია - იგეგმება ჩვენი კონსილიუმის ვიზიტი გორის საავადმყოფოში, დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, რადგან პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორის სავარაუდო ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით

უახლოეს დღეებში იგეგმება ჩვენი კონსილიუმის ვიზიტი გორის საავადმყოფოში. დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, რადგან პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორის სავარაუდო ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აპირებენ, რომ ადგილზე გაესაუბრონ ექიმებს და სააკაშვილის მკურნალობის მიმდინარეობა შეაფასონ.

„ჩვენი ბოლო ვიზიტი კონსილიუმმა და მეც განვახორციელეთ 23 ნოემბერს. უახლოეს დღეებში მონიტორინგის მიზნით იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის საავადმყოფოში. ასევე ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც შესაბამისი მიმართულებებით, რადგან უკვე ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის სავარაუდო ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც რა თქმა უნდა, მხარეს შეუძლია, გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგის სასამართლოში.

როგორც გითხარით, ბოლო ვიზიტი განვახორციელეთ 23 ნოემბერს და დასკვნა საჯაროდ გამოვაქვეყნეთ. ჩვენს კონსილიუმს არ უთქვამს არაფერი საგანგაშო დანიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებით და მივიჩნიეთ, რომ იყო ადეკვატური. თუმცა მოგვიანებით ამ გარემოებაზე საუბარი დაიწყო სხვადასხვა ექსპერტმა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთ ვიზიტს, რათა როგორც მიმდინარე მკურნალობა, მათ შორის ეს გარემოებები ჩვენი თვალით ვნახოთ, შევაფასოთ, ადგილზე გავესაუბროთ ექიმებს და შემდეგ გეტყვით ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.