ნინო ლომჯარია - აუცილებლად უნდა მოხდეს პრიორიტეტიზაცია და სწორად შერჩევა, პირველ რიგში ვინ უნდა დაკმაყოფილდეს ბინებით
ნინო ლომჯარია - აუცილებლად უნდა მოხდეს პრიორიტეტიზაცია და სწორად შერჩევა, პირველ რიგში ვინ უნდა დაკმაყოფილდეს ბინებით

აუცილებლად უნდა მოხდეს პრიორიტეტიზაცია და სწორად შერჩევა, პირველ რიგში ვინ უნდა დაკმაყოფილდეს ბინებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ შესულ დევნილებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, გაეცნო „დირსში“ არსებულ ვითარებას და განაცხადა, რომ ზოგადად დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

„საქმე იმაშია, რომ არის ​მომლოდინეთა ძალიან მაღალი რაოდენობა. წლიდან წლამდე იზრდება. მართალია, გარკვეული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ნამდვილად არ არის საკმარისი. რამდენიმე ასეული ბინის გაცემა მაშინ, როდესაც ათიათასობით მომლოდინეა, არ პასუხობს ამ მოთხოვნებს. ჩვენი მხრიდან რეკომენდაციაა, რომ აუცილებლად მოხდეს პრიორიტეტიზაცია და სწორად შერჩევა, ვინ უნდა დაკმაყოფილდეს პირველ რიგში. ჩვენი აზრით, ესენი არიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ნგრევად ობიექტებში და ასეთები კიდევ არიან. ალბათ ამ კონკრეტულ და სხვა შემთხვევაშიც, ყველა ინდივიდუალური შემთხვევა უნდა იყოს შესწავლილი. თუ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ნგრევად ობიექტებში, საშიშ პირობებში ცხოვრობენ, პირველ რიგში ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მეოთხე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსისრამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახია შესული.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. კორპუსები, რომლებშიც დევნილები იმყოფებიან, ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

დატოვე კომენტარი