საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ პოლიციაა მობილიზებული
საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ პოლიციაა მობილიზებული

საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ პოლიციაა მობილიზებული. კორპუსები, რომლებშიც დევნილები იმყოფებიან, ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

კორპუსებში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. დევნილები, რომლებიც შენობაში იმყოფებიან, მედიკამენტებსა და საკვებს ახლობლებისგან პოლიციის შუამავლობით იღებენ.

დევნილების თქმით, მათ პოლიციის კორდონის არსებობის გამო იურისტთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევათ. დევნილები პოლიციის კორდონის მოხსნას და ტერიტორიაზე ჟურნალისტების შესვლას მოითხოვენ. მათი თქმით, „დირსის“ დირექტორი დეზინფორმაციას ავრცელებს და დევნილებს სახლების შიდა კარები არ დაუმტვრევიათ. ისინი აცხადებენ, რომ ცეცხლი სამშენებლო და სარემონტო ნარჩენებით დაანთეს.

ამასთან, დევნილები ადგილზე სახალხო დამცველის მისვლას ითხოვენ.

მეოთხე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახია შესული.