ნინო ლომჯარია - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ალბათ იმას ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინოს
ნინო ლომჯარია - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ალბათ იმას ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინოს

ჩემი აზრით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ალბათ იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რომ ცხინვალის მხარე და ოკუპანტი სახელმწფო ცხედრის გადმოცემას დააგვიანებდა. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2014 წელსაც, როდესაც საქართველოს მოქალაქის ცხედარი იმდენად დაგვიანებით გადმოსცეს ქართულ მხარეს, რომ ექსპერტიზის შედეგად, რეალურად ვერ დადგინდა მისი გარდაცვალების მიზეზები.

ალბათ, ჩემი აზრით, ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები. ვვარაუდობ, რომ ცდილობენ, ცხედრის მაქსიმალურად დამალვას, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია, საერთაშორისო მექანიზმებითა და რეაგირების გზით მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა დროულად გადმოიცეს ცხედარი.

უნდა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 

მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.