ნინო ლომჯარია - აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპებში
ნინო ლომჯარია - აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპებში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, რა დროსაც, ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული კარვების წინა შესასვლელთან გადმოტანა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

„საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება“, – აცხადებს სახალხო დამცველი“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპებში.

„უფლებით სარგებლობის ფარგლებში კარვის განთავსების შესაძლებლობას ეროვნული სასამართლოც აღიარებს.

იქიდან გამომდინარე, რომ შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება.

საყურადღებოა, ისიც, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს.

ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის შენობასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული კარვების წინა შესასვლელთან გადმოტანა დააპირეს. ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მათ კარვები მოჰპარეს და მათ „ქურდბაცაცა კრიმინალები“ უწოდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 20 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.