ნინო ლაცაბიძე - ჩვენთვის არ არის მთავარი თანამდებობები, გავაგრძელებთ საქმის კეთებას და აუცილებლად შევასრულებთ მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს
ნინო ლაცაბიძე - ჩვენთვის არ არის მთავარი თანამდებობები, გავაგრძელებთ საქმის კეთებას და აუცილებლად შევასრულებთ მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის არ არის მთავარი თანამდებობები და გააგრძელებენ საქმის კეთებას, რათა შეასრულონ თითოეული დაპირება, რაც მოსახლეობას მისცეს.

ლაცაბიძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს ქალაქში არც ერთი სერვისი.

„როგორც რუსთავმა, ასევე საქართველომ ნახა რუსთავში საკრებულოს მიერ გამართული პირველი სხდომა. უხუცესმა წარადგინა და ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავდა. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს კანდიდატს ვაყენებდით იქედან გამომდინარე, რომ აღმასრულებელში გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გუნდს აღებული. ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავდა, თუმცა პირველივე სხდომაზე რუსთაველებმა და მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ოპოზიციური პარტიები როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ იმ ეტაპზე თანამდებობებზე და მათ დატოვეს პირველივე სხდომა. აღმოჩნდა ისე, რომ მას შემდეგ ჩვენ ვერ შევძელით საკრებულოს ჩატარება, ვერ ავირჩიეთ თავმჯდომარე. ყოველდღიურ მუშაობაში, რომელსაც ჩვენ მერიაში ვაწარმოებთ სხვადასხვა სამსახურის და სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან რთულია, როდესაც არ არის საკრებულო გამართული და არ იღებს გადაწყვეტილებებს. ხშირ შემთხვევაში აუცილებელია საკრებულოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს ქალაქში არც ერთი სერვისი, არ შეფერხდეს არც ერთი სტუდენტის დაფინანსება, ოპერაციების, მედიკამენტების და ბევრი პროექტი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. იქედან გამომდინარე, რომ უხუცესი იყო ჩვენი წარმომადგენელი და კოვიდინფიცირებულია, მაინც არ შვქმენით პროცედურული პრობლემები, მივეცით საშუალება, ჩაეტარებინათ არჩევნები. ჩვენთვის არ არის მთავარი თანამდებობები. ჩემი გუნდის თითოეული წევრი, არჩევნების დასრულების მეორე დღიდან ხვდება მოსახლეობას, აქტიურად არის ჩართული პროცესებში და არ გვჭირდება თანამდებობა იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ. საქმის კეთებას გავაგრძელებთ და თითოეულ დაპირებას, რაც ჩვენი მხრიდან იყო გაცემული მოსახლეობაში, აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი. კენჭისყრის შედეგად, შეროზიამ 18 ხმა მიიღო. მას „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.

დატოვე კომენტარი