ნინო გოგუაძე - პირები, რომლებიც კორუფციულ საქმიანობასთან შესაძლოა იყვნენ დაკავშირებულები, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში თანამდებობას არ უნდა იკავებდნენ
ნინო გოგუაძე - პირები, რომლებიც კორუფციულ საქმიანობასთან შესაძლოა იყვნენ დაკავშირებულები, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში თანამდებობას არ უნდა იკავებდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ევროსაბჭომ დღეს ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენი დელეგაციის, ისევე როგორც კონსერვატორების ჯგუფის პოზიცია, არის ძალიან პრინციპული. პირები, რომლებიც ამ ანგარიშის მიხედვით კორუფციულ საქმიანობასთან შესაძლოა იყვნენ დაკავშირებულები, არ შეიძლება იკავებდნენ რაიმე თანამდებობას, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი შეფასებით, ანგარიში არის ძალიან მძიმე და შეეხება სხვადსხვა კორუფციულ საქმიანობაში მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას.

„ანგარიშში სხვა პირებთან ერთად განსაკუთრებულად იყო აღნიშნული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპრეზიდენტისა და ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით. პედრო აგრამუნტის სახელი არ არის უცხო. სამწუხაროდ, ის ხშირად გამოირჩეოდა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ მკაცრი შეფასებებით“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მუდმივმოქმედი დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, რომელიც სტრასბურგში დღეს გაიხსნა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს 26 აპრილს უყრის კენჭს. შესაბამისი გადაწყვეტილება ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ანგარიშში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრს კორუფციაში ადანაშაულებენ.