ევროპის სახალხო პარტიის ყოფილ წევრებს მექრთამეობაში ადანაშაულებენ
ევროპის სახალხო პარტიის ყოფილ წევრებს მექრთამეობაში ადანაშაულებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრს კორუფციაში ადანაშაულებენ. დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის მიერ შედგენილ ანგარიშში ფიგურირებს რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი, რომელთაც ბაქოს ინტერესების ლობირებისთვის, ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. მათ შორის არის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი ედუარდ ლინტნერი. დოკუმენტის ავტორები გერმანელ პოლიტიკოსს ევროპაში აზერბაიჯანის მთავრობის მთავარ ლობისტად მოიხსენიებენ. მათივე მტკიცებით, ლინტნერმა 2012-2014 წლამდე პერიდოში 819 ათასი ევრო მიიღო. თავად დეპუტატი ამბობს, რომ ეს ფული ბაქოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღო.
ანგარიშში ასევე მოხვდნენ: ბელგიელი დეპუტატი სტეფ გორისი, ფინელი იაკო ლაკოს. შვედი გორინ ლინდბადი და ნორვეგიელი კარინ ვოლდსეთი. აღნიშნულ დეპუტატებს სხვადასხვა დროს აზერბაიჯანის ხელისუფლების სხვადასხვა წევრებისგან ქრთამის მიღებაში სდებენ ბრალს.

220 გვერდიან დოკუმენტში მოხვდა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი პედრო აგრამუნტიც. თუმცა დოკუმენტის ავტორების თქმით, მათ არ გააჩნიათ მკაფიო მტკიცებულება, რომ აგრამუნტი აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ქრთამს იღებდა.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან აზერბაიჯანის ინტერესების ლობირება ნათლად იკვეთება.

ანგარიშში ასევე ფიგურირებს იტალიელი პოლიტიკოსი ლუკა ვოლონტე. ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება 2016 წელს დაიწყო. მას აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან ორი მილიონი დოლარის მიღებაში ადანაშაულებენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ლუკა ვოლონტემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დაბლოკვაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ლუკა ვოლონტე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბბლეაში, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე გახლდათ. ის რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოში და 2013 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტისგან ღირსების ჯილდო აქვს მიღებული. ევროპის სახალხო პარტიის ყოფილი წევრია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეის ექს-წევრი პედრო აგრამუნტიც, რომელიც 2017 წლის ივნისში გარიცხეს ამ ჯგუფიდან. ამის მიზეზი აგრამუნტის სირიაში ვიზიტი და პრეზიდენტ ასადთან გამართული შეხვედრა გახდა.