ნინო გოგუაძე - ნებისმიერ საკითხს, რომელიც შეიძლება, აღქმული იყოს მედიაორგანიზაციის შეზღუდვად, ფრთხილი მიდგომა სჭირდება
ნინო გოგუაძე - ნებისმიერ საკითხს, რომელიც შეიძლება, აღქმული იყოს მედიაორგანიზაციის შეზღუდვად, ფრთხილი მიდგომა სჭირდება

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ცვლილებებზე კანონპროექტი გასულ წელს იყო შემოტანილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კომიტეტს ეს ოფიციალურად არ განუხილავს, თუმცა საკითხთან მიმართებაში იყო განსხვავებული პოზიციები.

„ინიციატივის სახით ეს გასულ წელს იყო შემოტანილო იურიდიულ სააკითხთა კომიტეტში. ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო განსხვავებული პოზიცია კომიტეტშიც.  კომიტეტს ეს ოფიციალურად არ განუხილავს, რადგან ამაზე იყო მსჯელობა, ვიდრე ოფიციალურად ინიცირება მოხდებოდა და განხილვა. ვფიქრობ, ბევრი საკითხი არის კანონპროექტში ისეთი, რომელიც ბევრ განხილვას საჭიროებს, როგორც პარლამენტში,  ასევე მედიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თუ რამე ნაბიჯი გვინდა, გადავდგათ მედიაგარემოს გაუმჯობესებისკენ, ნამდვილად ვიცოდეთ, რომ ეს სწორედ ამ ინტერესებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გოგუაძემ.

მისი შეფასებით, ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება საკითხს, რომელიც ნებისმიერი ფორმით შეიძლება, აღქმული იყოს მედიაორგანიზაციების საქმიანობის რამე სახით შეზღუდვად.

„რამდენადაც ვიცი, როგორც მარეგულირებელს აქვს პოზიცია, ეს არის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულებები, თუმცა ვფიქრობ, საკითხი, რომელიც ნებისმიერი ფორმით შეიძლება, იყოს აღქმული მედიაორგანიზაციების საქმიანობის რამე სახით შეზღუდვად, ამას ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება და სწორედ იმიტომ არის კანონი ამდენი ხნის განმავლობაში დამუშავების პროცესში, რომ ეს ფაქტორები გათვალისწინებული უნდა იყოს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ოპონენტების შეფასებებზე, რომ შესაძლოა, კანონში მსგავსი სახის ჩანაწერი მათი დევნის საგანი გახდეს, გოგუაძის თქმით, ეს კანონპროექტზე ზედაპირული განცხადებებია.

„სხვა შენიშვნები მაქვს კანონპროექტთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო სიღრმისეული, ეს გაცილებით ზედაპირული განცხადებებია ამ კანონპროექტზე. ვფიქრობ, ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომელიც მხედველობაში იყოს მოღებული –  კანონი, რომელსაც მიიღებს პარლამენტი არ უნდა იყოს აღქმული, რომ ეს არის რამე ფორმით შემდგომში გამოსაყენებელი იმისთვის, რომ შეიძლება, მედიაორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდოს ან მოხდეს უფრო მეტად ჩარევა, ვიდრე ეს დღევანდელი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაცილებით დიდი დრო დაეთმო ამ კანონის განხილვას კომიტეტის წევრებს შორის, ვიდრე ეს ხდება ხოლმე“, – განაცხადა გოგუაძემ.

მისი განმარტებით, ამ საკითხზე იყო შეხვედრები, მსჯელობა, რათა დეპუტატებს შინაარსზე წარმოდგენა ჰქონოდათ, თუმცა ეს ოფიციალური ფორმატი არ ყოფილა.

„ოფიციალური პროცესი ჯერ არ არის, არ არის საკითხი ინიცირებული, რომ საჯარო მსჯელობის საგანი გახდეს. თემის უფრო მეტად წინ წამოწევა და პრობლემურად წარმოჩენა, მე ესეც არ მიმაჩნია სწორად,  რადგან ჯერ არ გამხდარა მსჯელობის საგანი“, – განაცხადა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მოქმედი კნონმდებლობა ისეთ სენსიტიურ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა, არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს. ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თვითრეგულირების ორგანოებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამოა ევროდირექტივასთან და კანონში ცვლილებებს საჭიროებს.

კომისია მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს.

აღნიშნული საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა გუშინ საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დააყენა. მან განაცხადა, რომ  კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად.

ამასთან, როგორც საარჩევნო საკითხებზე შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიღებულ იქნება ზომები, რათა კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს.