ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილს ერთი ხმაც რომ სჭირდებოდეს კოალიციის შესაქმნელად, ჩვენგან ვერ მიიღებს
ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილს ერთი ხმაც რომ სჭირდებოდეს კოალიციის შესაქმნელად, ჩვენგან ვერ მიიღებს

რევოლუციური გადაწყვეტილება სააკაშვილის მხრიდან იქნებოდა, გამოეცხადებინა, რომ ამ არჩევნებში გვერდზე გადის პროცესიდან, არ აძლევს ივანიშვილს პოლარიზაციის საშუალებას და მაქსიმალურად ხელს უწყობს მრავალპარტიულ არჩევნებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ განცხადების და სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ განაცხადა.

„უკიდურესად გამიკვირდება, თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვა. პირადად მე ერთ პროცენტს ვტოვებ ამის შანსს. რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრად დაყენებას, მე არ დავიწყებ სამართლებრივ დეტალებზე, მოქალაქეობაზე, აღძრულ საქმეებზე ლაპარაკს, პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ და შემიძლია გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისა და გახმოვანების დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმძლავრა პარტიულმა ინტერესმა და ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან პარტიულად გასაგებია, რომ მათი მომხრეების მაქსიმალურად მობილიზაცია მოხდება, მაგრამ ამავდროულად ძალიან სერიოზული იქნება შიში და უარყოფითი დამოკიდებულება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ სააკაშვილის დაბრუნება. ამან შეიძლება, გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილს გაუმარტივოს ამოცანა, რადგან პოლარიზება შედის ივანიშვილის ინტერესებში. მე ვთქვი რამდენიმე დღის წინ, რომ რევოლუციური გადაწყვეტილება სააკაშვილის მხრიდან იქნებოდა, გამოეცხადებინა, რომ ამ არჩევნებში გვერდზე გადის პროცესიდან, არ აძლევს ივანიშვილს პოლარიზაციის საშუალებას და მაქსიმალურად ხელს უწყობს მრავალპარტიულ არჩევნებს. ნუ ახლა, გასაკვირი ის იქნებოდა, ამისთვის რომ დაეჯერებინა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, ამ ფონზე, ექნება მისი პარტიის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე ადამიანს, რომლებზეც წინასწარ განაცხადეს, მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენ რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით განვაცხადეთ, თითზე ჩამოსათვლელი პრაქტიკულად, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ჩვენ არ გვჩვევია, ასე ვთქვათ, ადამიანების გადაგდება, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, ეს არ არის ჩვენი ტერმინი. ვისაც ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს დავუჭერთ, იმ ადამიანებს მხარს დავუჭერთ, რადგან პიროვნულად იმ ადამიანებს მიმართ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია და უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ადამიანები თუ უფრო მეტი იქნებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, უკეთესი იქნება ზოგადად საქმისთვის. რაც შეეხება ახლა სააკაშვილის მხარდაჭერას, თქვენ იცით, რომ ჩვენგან გამორიცხულია მისი რაიმე ტიპის მხარდაჭერა და ერთი ხმაც რომ სჭირდებოდეს მას კოალიციის შესაქმნელად, ამ ერთ ხმასაც ვერ მიიღებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რამდენად გულწრფელი იყო მიხეილ სააკაშვილი ბოდიშის მოხდის დროს, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მისი გულწრფელობის არ სჯერა.

„ბოდიშისთვის არასდროს არავის გავაკრიტიკებ. პირიქით, ჩემი პრობლემა და პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და სააკაშვილის მიმართ ყოველთვის იყო, რომ ვერასდროს ახერხებდნენ ბოდიშის მოხდას, როდესაც მოსახდელი იყო და არც იმას დავაყვედრი, რომ დაგვიანებულია. კარგია, რომ მოიხადეს ბოდიში, უბრალოდ მე მისი გულწრფელობის არ მჯერა არც ერთი წამით და შესაბამისად არ მჯერა, რომ ეს ბოდიში არის გარანტი, რომ იმავეს არ გააკეთებს, თუ ამის საშუალება მიეცემა“, – დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.