ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებას ბრალად ედება ეკლესიის ნგრევის მცდელობა, კეთილი ინებეთ და რეაგირება მიეცით ამ ბრალდებებს
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებას ბრალად ედება ეკლესიის ნგრევის მცდელობა, კეთილი ინებეთ და რეაგირება მიეცით ამ ბრალდებებს

ხელისუფლებას ბრალად ედება ეკლესიის საქმეებში ჩარევა და ეკლესიის ნგრევის მცდელობა, კეთილი ინებეთ და რეაგირება მიეცით ამ ბრალდებებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მისი მიმართვის ადრესატები სასულიერო პირებიც არიან. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ეკლესია ქართველი ხალხისთვის ყველაზე სანდო ინსტიტუციაა და სასულიერო პირებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე პოლიტიკოსებს. ბურჯანაძე მოუწოდებს სასულიერო პირებს, რომ ეკლესიასა და ერთმანეთში არსებული პრობლემები „არ გამოდიოდეს გარეთ და მოსახლეობის თვალწინ გასარჩევი არ იყოს“.

„დღეს ერის სულიერება, ერთობა და ქვეყნის ხვალინდელი დღე უბრალოდ საფრთხის ქვეშ დადგა. ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი, ერისათვის იმედის მიმცემი. დღესაც ეკლესია იყო ყველაზე პოპულარული და ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი საქართველოში. მოსახლეობის ამ მძიმე ჟამს სწორედ რომ ეკლესიის იმედი ჰქონდა. დღეს ჩვენ ვხედავთ არა მარტო ტოტალურ შეტევას ეკლესიაზე, არამედ იმას, რომ თავად ეკლესია და ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით და ემოციური ქცევით საფრთხის ქვეშ აყენებენ ეკლესიის ერთიანობას და შესაბამისად, ერის ერთიანობას და სულიერებას. ეს ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია.

პირველ რიგში, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მას ბრალად ედება ეკლესიის საქმეებში ჩარევა და ეკლესიის ნგრევის მცდელობა. კეთილი ინებეთ და რეაგირება მიეცით ამ ბრალდებებს. კეთილი ინებეთ და საქართველოს მოსახლეობას აუხსენით, რატომ გახდით ასეთი ბრალდების სამიზნე და მეორე, მინდა თავს უფლება მივცე და მოვუწოდო სასულიერო პირებს. თქვენგან თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს ველოდებით. თითოეული მოქალაქე ელოდება მეტს ვიდრე პოლიტიკოსებისგან, ვიდრე სხვა ჩეულებრივი მოქალაქეებისაგან. იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ ეკლესიაში და ერთმანეთში არსებული პრობლემები არ გამოდიოდეს გარეთ და მოსახლეობის თვალწინ გასარჩევი არ იყოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება დღეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამასთან, მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.