ნინია კაკაბაძე - ჩემს გასაუბრებასთან დაკავშირებით კარგი მოლოდინი მაქვს
ნინია კაკაბაძე - ჩემს გასაუბრებასთან დაკავშირებით კარგი მოლოდინი მაქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველის, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის თქმით, დღევანდელ გასაუბრებაზე კარგი მოლოდინი აქვს.

„მოლოდინი ჩემს გასაუბრებასთან დაკავშირებით მაქვს კარგი. ვიცი, რომ კარგად გავისაუბრებ, იმიტომ, რომ ამ საკითხს და ყველაფერს, რაც საზოგადოებრივ ტელევიზიას ეხება, კარგად ვიცნობ. წლების განმავლობაში ჩართული ვარ ამ პროცესში გარედან, ამ შეთხვევაში. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ძნელია რაიმეს გარანტია გქონდეს და ზუსტად იცოდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც იმედიანად ვარ.

მე ერთხელ უკვე ვიღებდი მონაწილეობას ამ კონკურსში, ბორდის ერთ-ერთ წევრობაზე. მაშინ საქართველოს პარლამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ გავსულიყავი, არც წელს მაქვს მოლოდინი, რომ მოინდომებს და მე დამამტკიცებს. რა შეეხება წინასწარ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ მაგალითად ზაზა შათირიშვილის კანდიდატურა აუცილებლად უნდა დამტკიცდეს, არც აქაა ჩემთვის არაფერი მოულოდნელი.

ვიცით, რომ ზაზა შათირიშვილი არის დღევანდელ ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანი, პირველი არხის ხელმძღვანელობასთან. ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, რომ მისი კანდიდატურა უმრავლესობით იქნას დამტკიცებული როგორც კომისიაში, ასევე პარლამენტში“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი სპეციალური კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველებს ხვდება.