ნიკოს ანასტასიადისი - საქართველოსა და კვიპროსის ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს პოლიტიკურ, კულტურულ ურთიერთობებს ჩამორჩება   
ნიკოს ანასტასიადისი - საქართველოსა და კვიპროსის ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს პოლიტიკურ, კულტურულ ურთიერთობებს ჩამორჩება   

ბიზნესფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა, ქართველმა და კვიპროსელმა მეწარმეებმა ერთმანეთს თავიანთი შესაძლებლობები გაუზიარონ, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა.

მან საქართველო-კვიპროსის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ბიზნესის წრეების წარმომადგენლების ფორუმზე. ეს არის შესაძლებლობა  კომპანიებმა ერთმანეთს გაუზიარონ იდეები მომავალი ნაბიჯების შესახებ, რომელიც საჭიროა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ეკონომიკისა და პარტნიორობის განვითარებისთვის. საქართველოსა და კვიპროსს ისტორიულად, პოლიტიკურად, რელიგიურად, კულტურულად დიდი კავშირები აქვთ. ეს ურთიერთობები წლებისა და საუკუნეების განმავლობაში ღრმავდებოდა. იმედი გვაქვს, აღნიშნული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.

აღნიშნული კონტექსტში კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოში თავის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

„ჩემი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ჩართულობის ქვაკუთხედი იქნება. ჩვენი ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ამავდროულად, უნდა გაუმჯობესდეს ხარისხობრივადაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა და საქართველოსა და კვიპროსს შორის გუშინ გაფორმებულ მემორანდუმებს გაუსვა ხაზი, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მისი შეფასებით, საქართველოსა და კვიპროსის ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების დინამიკას ჩამორჩება.

„ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ჩამორჩება ჩვენს პოლიტიკურ, კულტურულ, ხალხებს შორის არსებულ ურთიერთობებს, ამიტომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები ეკონომიკური განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენს შორის არსებული ისტორიული კავშირი წინსვლას განიცდის და ჩემი ვიზიტიც ამას ემსახურება“, – განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ბიზნესფორუმში ორივე ქვეყნის 120-მეტი კომპანია მონაწილეობს.

დატოვე კომენტარი