ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მასთან მიყვანისას მიხეილ სააკაშვილს ბადრაგი არ ეხმარებოდა, თუმცა საკმაოდ სუსტად იყო, ვიდრე გუშინ
ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მასთან მიყვანისას მიხეილ სააკაშვილს ბადრაგი არ ეხმარებოდა, თუმცა საკმაოდ სუსტად იყო, ვიდრე გუშინ

პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიდევ ერთი კონსილიუმი იყო დანიშნული.

„ახლა იყო კიდევ ერთი კონსილიუმი დანიშნული. იყო ნევროპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. ჩავატარეთ კონსილიუმი, გავსინჯეთ. აღმოჩნდა, რომ კიდევ საჭიროა სამი დამატებითი კონსულტანტის გამოძახება. ეს არის ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი და კარდიოლოგი. პრობლემა უფრო და უფრო რთული ხდება. მე ნამდვილად არ ვიცი, ამ ორგანიზაციაში როგორ გავაგრძელოთ ეს მკურნალობა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. აბა, წარმოიდგინეთ, დღეს მოვიყვანეთ ორი სპეციალისტი, ერთი არის ნევროპათოლოგი, პროფესორი სანდრო ცისკარიძე. შემოვიდა აქ თავისი პატარა ჩაქუჩით, მეტი არაფერი ხელში და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი პროფესორი გოცაძე. დაახლოებით ორი საათი ვუყურებდით ავადმყოფს. სჭირდება დამატებითი აპარატურა ყველაფერს. სინუსიტი შეიძლება ჰქონდეს, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. სინუსიტი არის ანთება თვალის გარშემო. შეიძლება, ჰქონდეს შუა ყურის ანთება, რომელმაც ასევე ძალიან სავალალო შედეგები შეიძლება, გამოიწვიოს. დღეს კიდევ უნდა დავამატოთ სამი სპეციალისტი, ეს სამი სპეციალისტი რომ მოვა ხვალ, ისე ვიტყვი, გლეხურად – თვალის ექიმი, თვალის ექიმს ხომ თავისი აპარატურა სჭირდება. საიდან მოვიტანო მე თვალის აპარატურა. ასე რამდენი ხანი უნდა გასტანოს? 21-ე საუკუნეში შეიძლება ასე მკურნალობა? დავანებოთ თავი, პრეზიდენტია-არ არის პრეზიდენტი, უბრალო ადამიანი, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ​​გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარება შეუძლებელია ციხის საავადმყოფოში.

„რამდენი ჩამოგითვალეთ – პირველ კონსილიუმში ხომ არის ხუთი კაცი, დღეს იყო ორი, გუშინწინ იყო კიდევ ორი – პულმონოლოგი და ანგიოლოგი, ახლა დაგვჭირდა კიდევ სამი ახალი სპეციალისტი. ეს არის მთელი საავადმყოფო, მე მგონი, ხომ? ამას ხომ ექთნები სჭირდება ყველაფერს კიდევ. ან ტექნიკები, რომლებიც მოამზადებენ ამ აპარატურას. შეიძლება ამის გაკეთება გლდანის ციხეში? მე მგონი, არა. მე არ ვყოფილვარ. არ ვიცი“, – განაცხადა ექიმმა.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ, ფიზიკურად ფეხზე დგომა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ​ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც ბოლომდე აკონტროლებს სიტუაციას“.

„ადეკვატურის რა მოგახსენოთ, მაგრამ 30 დღეზე მეტი შიმშილობს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, 30 დღე რომ არ ჭამოთ, ადეკვატური იქნებით ყველანაირად? ხომ ნამდვილად არა?“, – აღნიშნა ექიმმა.

ასევე, ყიფშიძემ კომენტარი გააკეთა გვარამიას კიდევ ერთ განცხადებაზე: „დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, იმისთვის, რომ არ წაიქცეს“. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მასთან ჩასვლისას ეხმარებოდა თუ არა სააკაშვილს ბადრაგი.

„დღეს? ჩემთან? არა. ჩვენ, ექიმები ვცდილობთ, ამ ვიზუალურ რაღაცებს ნაკლებად მივაქციოთ ყურადღება, თუმცა ვეთანხმები ნიკა გვარამიას, რომ საკმაოდ სუსტად იყო, ვიდრე გუშინ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყოიფშიძემ.