ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ, ფიზიკურად ფეხზე დგომა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ​ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც ბოლომდე აკონტროლებს სიტუაციას
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ, ფიზიკურად ფეხზე დგომა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ​ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც ბოლომდე აკონტროლებს სიტუაციას

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიათა მდგომარეობას, იგი არის მძიმედ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა განეცხადებინა, რომ ის ვერ იღებს მონაწილეობას აქციების დაგეგმვასა და მენეჯმენტში.

„ის არის ციხეში, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. მას შეუძლია, გაამხნეოს ადამიანები და მოუწოდოს აქტიურობისკენ. მოხარული იქნება, თუ ექვსში ბევრი ადამიანის ხმას გაიგებს. რაც შეეხება აქციების ლოჯისტიკას, დაგეგმვას, ის მთლიანად ენდობა იმ მრავალპარტიულ პლატფორმას და აქტივისტებს, რომლებიც ამას აკეთებენ, მისი შეხედულებით ძალიან კარგად აკეთებენ. მინდა, ვთხოვო ყველას, ნებისმიერის, ვინც შედის მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი, ექიმი, თუ პარლამენტის წევრი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები წერილობით საკითხავად აქ გამოტანილ არ იქნეს. ეს განცხადებები უნდა დაიდოს მის ფეისბუქგვერდზე და ამგვარად გაიგოს საზოგადოებამ.

მინდა, ყველას ვთხოვო, რომ გაუწიონ ანგარიში იმას, რომ ადამიანი რის მძიმე მდგომარეობაში. პირველ რიგში ვგულისხმობ იმ კვალს, რომელიც მის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მისი მდგომარეობა უცვლელად მძიმეა გუშინდელის შემდეგ და ამას გავუწიოთ ანგარიში, რომ შესაძლოა, ყველა განცხადება არ იყოს ადეკვატური, ადგილი ჰქონდეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიათა მდგომარეობას, იგი არის მძიმედ. ის, რომ ფიზიკურად ფეხზე დგას და მინდა, გითხრათ, რომ ესეც უჭირს, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, უბრალოდ ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და მას დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, იმისთვის, რომ არ წაიქცეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. ამას ანგარიში გაუწიოს ყველამ. მიშა არასოდეს არ გვეტყვის, რომ ცუდად არის და უშველონ, მაგრამ ანალიზებით, კალციუმის რაოდენობით ნუ ვიმსჯელებთ, ვიმსჯელოთ იმით, რასაც ვხედავთ და მე პირადად, კარგს არაფერს ვხედავ. არ არის დამაიმედებელი ვითარება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი.

„როგორც თავად სააკაშვილმა მითხრა, მისი შეგრძნებით ძალიან ცოტა დრო დარჩა კოლაფსამდე. ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს. კოლაფსის შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის. ეს არის ლატარეა 50/50-ზე, რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას. ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ელოდება, როდის ექნება კოლაფსი და გადაიყვანენ საავადმყოფოში? ეს უნდა მოხდეს მანამდე, ეს კაცი უნდა იყოს გადარჩენილი. კოლაფსის შემდეგ არავინ იცის, როგორ შემოტრიალდება ვითარება. ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი მიზანი. ჩვენი ამოცანაა, მისი ფსიქიკის და აზროვნების გადარჩენა. მივმართავ კვლავ, ერთადერთ ადამიანს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილს, ძალიან მალე ვითარება შეიძლება, იყოს შეუქცევადი და ყველანი მასთან ერთად იქნებიან მკვლელები, ღიად და სწორხაზოვნად უნდა იცოდნენ. რაც შეეხება საპატრიარქოს, მე მათ მივმართე და ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიმიღია. ამ ქვეყანაში არსებობს სრული თანხმობა, რომ ეს კაცი არის სიკვდილმისჯილი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.