ნიკოლოზ სამხარაძე - ყველა ქმედებით ვცდილობთ, ჩვენს ქვეყანაში შავი ხვრელები არ გაჩნდეს
ნიკოლოზ სამხარაძე - ყველა ქმედებით ვცდილობთ, ჩვენს ქვეყანაში შავი ხვრელები არ გაჩნდეს

ყველა ქმედებით ვცდილობთ, რომ შავი ხვრელები ჩვენს ქვეყანაში არ გაჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში, საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს შავი ხვრელი ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც არის მაგალითად, ტაჯიკეთი“.

„საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ძალიან კარგად ესმის საქართველოს კონტექსტი და ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აფასებენ. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში, ქართული მხარის მხრიდან გათვალისწინებული უნდა იყოს, არის ის, რომ ქვეყანაში არ გაჩნდეს შესაძლებლობა შავი ხვრელების, რათა როგორღაც, სანქციების გვერდის ავლა მოხდეს რუსეთის მხრიდან. ჩვენს ქვეყანაზე იმ კონტექსტში იყო საუბარი, რომ ჩვენი ქვეყანა უშუალოდ მოსაზღვრეა რუსეთის ფედერაციის. რა თქმა უნდა, ყველა ქმედებით ვცდილობთ, რომ ასეთი შავი ხვრელები ჩვენს ქვეყანაში არ გაჩნდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.