ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინის ელჩი თურმე საქართველოშია, არ წასულა, იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლება მალე გააკეთებს განცხადებას და ელჩი ისევ შეუდგება მოვალეობების შესრულებას
უკრაინის ელჩი თურმე საქართველოშია, არ წასულა, იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლება მალე გააკეთებს განცხადებას და ელჩი ისევ შეუდგება მოვალეობების შესრულებას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო უკრაინის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. ასევე, გაუგებარია ის ინფორმაცია, რომ თურმე ელჩი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და არ ყოფილა წასული უკრაინაში.
ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლება ძალიან მალე გააკეთებს განცხადებას, რომ ელჩი ისევ შეუდგება თავის მოვალეობების შესრულებას და ამ ერთგვარ უსიამოვნო საკითხს საბოლოოდ ამოვწურავთ, რადგან ეს არ ეკადრება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია. უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს დილით საელჩოს შენობაში მივიდა. დღეს საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე დოლგოვის საქართველოში ყოფნის თაობაზე განმარტება გააკეთა. „თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინაში სამი კვირაა, საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობას“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.