ნიკოლოზ სამხარაძე - სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება
ნიკოლოზ სამხარაძე - სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება

სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გახარიას და მისი თანამოაზრეების პოლიტიკურ შანსებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, სამხარაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე გახარია პასუხისმგებლობას გაექცა და ეს მათ წისქვილზე წყალს არ ასხამს.

„სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა უმრავლესობიდან, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება.

ჯერ საერთოდ არ ვიცით, ისინი რა პლატფორმაზე დგანან, რა გეგმა ექნებათ და წინასაარჩევნოდ რომელ ნიშას აირჩევენ. ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუმცა მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს ის, რომ გახარია თავის დროზე პასუხისმგებლობას გაექცა, როცა მას ძალიან მნიშვნლოვანი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ რომელიმე წევრმა დატოვოს, ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა: „მე არ მეგულება მათი თანამოაზრეები „ქართულ ოცნებაში“.

„ეს გადაწყვეტილება ალბათ უფრო მეტად პიროვნულ კავშირებზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, ამ პიროვნულმა კავშირებმა გადაწონა პარტიული ინტერესები. როგორც ვიცი, ასეთი ახლო პიროვნული კავშირი გახარიასთან სხვას არ აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ ფრაქციის შექმნას, სამხარაძემ განმარტა, რომ მათ რეგლამენტის მიხედვით, ამის საშუალება არ ექნებათ.

„ვინც პარტიული ნომრით არის გასული და იმ პარტიას გამოეყოფა, შემდეგ კონსტიტუციით, ფრაქციის შეცვლა არ შეუძლია“, – აღნიშნა მან.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.