ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლება აქვს, საკონსტიტუციო სარჩელი მარცხისთვის იქნება განწირული
ვფიქრობ, ეს ყველაფერი პიარული სვლაა, რადგან კონსტიტუციაში ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია, იცის, რომ ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ერთმევა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ნიკოლოს სამხარაძემ კომენტარი გააკეთა „ოპოზიციის ალიანსის“ ინიციატივაზე, რაც ახალ კამპანიას – „ემიგრანტის ხმა“ და კამპანიის ფარგლებში ემიგრანტებისთვის ხმის უფლების აღსადგენად სექტემბერში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას გულისხმობს.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელი თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული.
„კონსტიტუციასთან მიმართებით არანაირი კითხვა არ დგას. გასაგებია, რომ ახლა ცდილობენ, თავიანთ გაუსაძლის ყოფაში რაღაცას წაეპოტინონ და აქტივობაში ჩაეთვალოთ. საკონსტიტუციო სარჩელი თავიდანვე მარცხისთვის იქნება განწირული, რადგან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლება აქვს. მათ საშუალება აქვთ, არჩევანი საქართველოს ტერიტორიაზე გააკეთონ და ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ“, – განაცხადა სამხარაძემ.