ნიკოლოზ სამხარაძე - მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე, დარწმუნებული ვარ, მტკიცედ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
ნიკოლოზ სამხარაძე - მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე, დარწმუნებული ვარ, მტკიცედ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

კარგია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა, დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მოუტანს საქართველოს და მტკიცედ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს გაერო-ში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამხარაძის თქმით, მიესალმება პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, რადგან გაერო ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია.

„ჩვენთვის, საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს მისიაში გვყავდეს ხელმძღვანელი და ერთი დღეც არ უნდა იყოს ისეთი, როდესაც გაერო-ს მისიაში ხელმძღვანელი არ გვყავს. საბოლოო ჯამში, კარგია, რომ პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა მის დანიშვნას.

რაც შეეხება ბატონი ბაქრაძის პროფესიონალიზმს, მე ჩემი პოზიციიდან გამომდინარე არაერთხელ მქონია მასთან საქმიანი ურთიერთობა, ვყოფილვარ ვიზიტშიც. შესაბამისად, შემიძლია მხოლოდ მაღალი შეფასება მივცე მის საქმიანობას აშშ-ში, ასევე დარწმუნებული ვარ, იგი ბევრ წარმატებას მოუტანს საქართველოს და მტკიცედ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს გაერო-ში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის პოზიცია და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დადებითად არ აფასებს ბაქრაძის კანდიდატურას, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება იყო, თუმცა, კარგია, რომ ეს მოგვარდა და ხელი მოაწერა ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნას.

„ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მომავალში ასეთი გაუგებრობები თავიდან იქნება აცილებული და ხელისუფლების ყველა შტო მოიქცევა ისე, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.