ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმების პუნქტების ირგვლივ პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს
ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმების პუნქტების ირგვლივ პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს

ეს არის შეთანხმების პუნქტების ირგვლივ პოლიტიკური თამაში, რათა ოპოზიციამ რამენაირად გვერდი აუაროს შეთანხმების ამ ნაწილს, მაგრამ დოკუმენტში ამნისტიაზე შავით თეთრზე წერია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

სამხარაძის თქმით, დამატებითი ინსინოვაციები ზედმეტია და ვისაც შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი, მან შეთანხმება ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

„ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირებულია, კეთილი ინებონ, პარლამენტში შემობრძანდნენ და ამ კანონპროექტს ხმა უნდა მისცენ, სხვანაირად ეს აღქმული იქნება, როგორც ხელშეკრულების ხელმომწერი პარტიების მიერ შეთანხმების დარღვევად“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში, სადაც ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი ინიციატივაა, შეიქმნას საპარლამენტო კომისია იმ პირთა დასადგენად, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისთან დაკავშირებით საქმეა აღძრული.