ნიკოლოზ სამხარაძე - ჰააგის გადაწყვეტილება მხოლოდ დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტ ადამიანზე გაიცემა ორდერები, რომლებმაც 2008 წელს ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს
ნიკოლოზ სამხარაძე - ჰააგის გადაწყვეტილება მხოლოდ დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტ ადამიანზე გაიცემა ორდერები, რომლებმაც 2008 წელს ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს კიდევ ერთი ძალიან დიდი გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი ადამიანის წინააღმდეგ გაიცემა ორდერები, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს დანაშაული ჩაიდინეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ საქმის გამოძიებაში.

„მინდა, გამოვეხმაურო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემულ ორდერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი წარმომადგენლის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ფაქტი. ეს არის საქართველოს კიდევ ერთი ძალიან დიდი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოში. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ შარშან, დაახლოებით ზუსტად ამ დროს, სტრასბურგის სასამართლომაც განიხილა 2008 წლის ომის საკითხი და იქაც საქართველო გამარჯვებული გამოვიდა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში გუშინ გამოიცა ორდერი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანზე, იმ დანაშაულებების ჩადენის გამო, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი და კიდევ უფრო მეტი ადამიანის წინააღმდეგ გაიცემა ასეთი ორდერები, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს დანაშაულები ჩაიდინეს. მინდა, ასევე ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში და ამ საქმის გამოძიებაში ეხმარებოდა საერთაშორისო გამომძიებლებს. მათ შორის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გუნდს და მათ თანამშრომლებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.