ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს.

როგორც ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, აღნიშნულმა პირებმა 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში შემდეგი დანაშაული ჩაიდინეს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და გადაცემა.

საუბარია შემდეგ პირებზე – მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

„ჩემი შუამდგომლობა აღნიშნული პირების დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე კონკრეტულად ეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სასტიკი მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდეგ ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირების უკანონო გადაყვანის ფაქტებს რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის კონტექსტში. გამოძიებამ ასევე დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორ ვიაჩისლავ ბორისოვის სავარაუდო როლი, რომელიც განზრახ უწყობდა ხელს ზოგიერთი დანაშაულის აღსრულებას. ბორისოვი ახლა გარდაცვლილია.

მომხდარის დროს, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო პირების უმეტესობა გაიქცა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან, რუსულმა და უპირველესად, სამხრეთოსურმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება. მათი უმეტესობა მოხუცი და მძიმე დაავადების მქონე პირი იყო, რომელთაც არ შეეძლოთ და არ სურდათ სახლების მიტოვება. მათ არ წარუდგინეს დაპატიმრების მიზეზი და არც პროცესუალური უფლებები იყო დაცული. მტკიცებულებით დადგინა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ანტისანიტარიასა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში იმყოფებოდა. მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ცემდნენ, აწამებდნენ.

თუ წინასასამართლო პალატა ჩემს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, მჭიდროდ ვითანამშრომლებ სამდივნოსთან ამ სამი პირის დაკავების ძალისხმევაში. მომავალში იმედი მაქვს ყველა სახელმწიფოს მხარდაჭერის, განსაკუთრებით რომის სტატუტის მონაწილეებისა, რათა ეს პირები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარდგნენ“, – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებაში.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ მინძაევის, გუჩმაზოვისა და სანაკოევის დაკავება აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სასამართლოზე გამოცხადება და არ შეუქმნიან საფრთხეს გამოძიებას ან სასამართლო მოსმენებს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურის ოფისმა „ქცევის ანალოგიური მოდელი“ დააფიქსირა უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შესწავლის დროსაც.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის დროს მომხდარ დანაშაულებზე გამოძიება 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო.