ნიკოლოზ სამხარაძე - ჰააგის სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების სამ წარმომადგენელზე 2008 წლის ომში ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველო გაიმარჯვებს
ნიკოლოზ სამხარაძე - ჰააგის სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების სამ წარმომადგენელზე 2008 წლის ომში ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველო გაიმარჯვებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ახლახან გამოსცა დაპატიმრების ორდერი „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების სამ წარმომადგენელზე 2008 წლის ომში ჩადენილი დანაშაულისთვის. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.