ნიკოლოზ სამხარაძე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ახლა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა, როგორ გავაკეთო ამაზე სერიოზული კომენტარი
ნიკოლოზ სამხარაძე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ახლა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა, როგორ გავაკეთო ამაზე სერიოზული კომენტარი

შიმშილობა არის უკიდურესი აქცია და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება არც მოსაწონია და არც მისაღები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ეროვნულ თანხმობასა და საერთო გზების გამონახვაზე საუბრობს და ამ ფონზე ერთი ფრთა შეხვედრებზე დადიოდეს და მეორე ფრთა შიმშილობას აცხადებდეს, სწორი არ არის.

„თუ ინფორმაცია დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებისგან შიმშილობის დაწყება მოითხოვა, სამწუხარო ამბავი იქნება, რომ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტიის წევრებს მათი ხელმძღვანელი აიძულებს, ჭამაზე უარი განაცხადონ.

ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში, კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ახლა მიხეილ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა. როგორ შეიძლება, ამაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო? ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და თუ მართლაც ასეა, არ მახარებს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ამდენი ადამიანი შიმშილობის აქციას იწყებს. ეს უკვე პიროვნული კულტის სფეროში გადადის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.