ნიკოლოზ სამხარაძე - ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, შვიდ ევროპარლამენტარს შეუძლია, რეკომენდაციით მიმართოს ევროკომისიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს
ნიკოლოზ სამხარაძე - ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, შვიდ ევროპარლამენტარს შეუძლია, რეკომენდაციით მიმართოს ევროკომისიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ სანქციებთან თუ ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, საქართველოსთვის რაიმე სახის სანქციის დაწესებაზე საუბარი ვერ იქნება.

„საქართველოსთან დაკავშირებით ფინანსურ დახმარებასა თუ რაიმე სხვა პაკეტზე გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს. აქედან გამომდინარე, შვიდ ევროპარლამენტარს შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაციით მიმართონ ევროპულ კომისიას, რომელიც შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ისინი ხედავენ, რომ შეთანხმების ჩავარდნაში პასუხისმგებელია ორივე მხარე. ჩვენ ამას ასე არ ვხედავთ, რადგან „ქართული ოცნება” მზად იყო, მცირე შესწორებებით ხელი მოეწერა იმ შეთანხმებისთვის, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა. საქმე ამ მცირე შესწორებების განხილვამდეც კი არ მისულა. ეს მათთვის თუ უცნობია, შეგვიძლია, ეს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ მზად ვიყავით შეთანხმებისთვის. არ ვფიქრობ, რომ საერთოდ შეიძლება, ლაპარაკი იყოს რაიმე სახის სანქციებზე მაშინ, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდის. ეს ხელისუფლების ბრალი ვერ იქნება და ამის გამო ხელისუფლება არ უნდა დაისაჯოს. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ ბრიუსელში. ეს განცხადება ურთიერთობებს არ გააფუჭებს. ეს პოზიცია განპირობებულია იმით, რომ შეთანხმება არ შედგა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ევროკომისია თუ იტყვის, რომ საქართველოში კატასტროფული ვითარებაა დემოკრატიის თვალსაზრისით, მაშინ სანქციები დაწესდება, მაგრამ ოპოზიციის გამო ჩაგდებული შეთანხმებისთვის ქვეყანას სანქციას არავინ დაუწესებს.

„ევროკავშირი-საქართველოს საბჭოს სხდომა ორი კვირის წინ იყო და მთავარი მომხსენებელი, რომელიც საქართველოს პროგრესს აფასებს, არის ევროკომისია. ევროკომისიაში ძალიან კარგად იციან, რა რეფორმები ჩატარდა საქართველოში ბოლო წლებში, რა ვითარებაა ქვეყანაში, საიდან არის გამოწვეული ეს კრიზისი. თუ აქ ხელისუფლების ბრალეულობა გამოჩნდება, ამაზე მიგვითითებენ, მაგრამ ოპოზიციის გამო ჩაგდებული შეთანხმებისთვის ქვეყანას არავინ სანქციას არ დაუწესებს.

ევროკომისია თუ იტყვის, რომ საქართველოში კატასტროფული ვითარებაა დემოკრატიის თვალსაზრისით, მაშინ სანქციები დაწესდება, მაგრამ ორი კვირის წინ ევროკომისიას ეს არ უთქვამს, პირიქით, ის პროგრესი მოგვიწონა, რომელიც გვაქვს. ამიტომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის რაიმე ცუდ განვითარებას არ ველოდები“, – განაცხადა სამხარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.

მისივე თქმით, ჰარცელი ვერ იტყოდა, რომ შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა, რადგან კარგად იცის, რა ხდებოდა მოლაპარაკებების დროს.

ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.