ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირისთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის უკეთესი იქნება, სამართლებრივად გავარჩიოთ კანონი და დაგვთანხმდნენ უტყუარ ფაქტზე, რომ აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა

15:55, 09.09.2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამწუხაროდ, დიდი ხანია, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას და არარსებულ, გამოგონილ აღქმებზე დაფუძნებით კონკრეტული განცხადებების კეთებას.

სამხარაძემ კომენტარი გააკეთა გაერო-ში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებაზე, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა“. განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.

„ვინმეს რაიმე სამართლებრივი შენიშვნა თუ აქვს კანონთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბატონის გამოსვლაში იყო ნახსენები, მზად ვართ, დავსხდეთ და მათთან ერთად სამართლებრივად განვიხილოთ თითოეული ნორმა, რაც ამ კანონებშია გაწერილი. ეს შეთავაზება პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში გააკეთა, თუმცა მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ ინიციატივას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს არ ყოფილა ერთჯერადი შეთავაზება, ამის შემდეგაც რამდენჯერმე გამოვთქვით მზადყოფნა, დავსხდეთ და კანონზე ვისაუბროთ. ყველამ კარგად იცის, მათ შორის ევროკავშირშიც, რომ 2024 წლის ნოემბრის აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა. არსებობს ამის ვიდეომტკიცებულებები და ჩანაწერები. ეს ყველაფერი ევროკავშირშიც აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად, ჯიუტად ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიანი აქციები იყო. რომელიმე ადამიანი, სულ ერთია, იქნება ეს ევროკავშირის წარმომადგენელი, ჩინეთის, ამერიკის თუ ავსტრალიის, როდესაც ამტკიცებს, რომ შავი თეთრია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამიტომ როგორც მათთვის, ისე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის უკეთესი იქნება, თუ ამ პოზიციას გადახედავენ – ერთი მხრივ, დაგვთანხმდებიან, რომ დავსხდეთ და სამართლებრივად გავარჩიოთ კანონი, ხოლო მეორე მხრივ, დაგვთანხმდებიან უტყუარ ფაქტზე, რომ აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი