ნიკოლოზ სამხარაძე - ელექტროენერგიის კაბელის პროექტი მნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის, როგორც პარტნიორი
ნიკოლოზ სამხარაძე - ელექტროენერგიის კაბელის პროექტი მნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის, როგორც პარტნიორი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე ძალინ დიდი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირთან ე.წ. დაკავშირებადობის ახალი პროექტის დასაწყებად, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის, როგორც პარტნიორი, როდესაც ამხელა ოდენობის თანხები იდება ასეთ რთულ პროექტში. ასევე, ეს პროექტი გრძელვადიანია და მოკლე ვადაში არ მოიტანს ისეთ შედეგებს, როგორც გრძელ ვადაში, რაც თავისთავად ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში გრძელვადიანი გეგმები აქვს.

ამ პროექტის დაწყება – საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ევროპისთვის კი ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მომარაგების საქმეში ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.