ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენთვის არსებობს კითხვები ელჩის გაწვევაზე, უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მინსკიდან, იმ ქვეყნიდან, საიდანაც შეიჭრნენ რუსული ჯარები და იბომბებოდა უკრაინა
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენთვის არსებობს კითხვები ელჩის გაწვევაზე, უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მინსკიდან, იმ ქვეყნიდან, საიდანაც შეიჭრნენ რუსული ჯარები და იბომბებოდა უკრაინა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება გაუგებარია.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამ საკითხზე კითხვები არსებობს.

„თავად უკრაინის ელჩმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განცხადება გააკეთა, რომ აქ არაფერი პოლიტიკური არ არის და უბრალოდ, კიევში ჩადის, ასეთი შინაარსის განცახდება იყო. ჩვენთვის არსებობს კითხვის ნიშნები უკრაინაში გაწვევაზე – უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მინსკიდან, იმ ქვეყნიდან, საიდანაც შეიჭრნენ რუსული ჯარები და იბომბებოდა უკრაინა. არანაირი ეჭვები არ მაქვს, მაქვს კითხვის ნიშნები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას რამენაირად მივატოვებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, სამხარაძემ აღნიშნა, რომ უკრაინა არის ომში მყოფი ქვეყანა და საქართველოს მხარდაჭერა, როგორც დიპლომატიური და პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, გაგრძელდება.

„საქართველოს საელჩოები კიევსა და ოდესაში არის თითზე ჩამოსათვლელი საელჩოებიდან, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. ეს არის ჩვენი პასუხი, თუ რა კონტაქტი გვაქვს უკრაინასთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

„დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, უკრაინის საელჩოში განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.