ნიკოლოზ ჩხეტიანი - ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე იქნება მულტიფუნქციური პარკი, რომელიც ყველას მისცემს შესაძლებლობას, დაისვენოს და დატკბეს დედაქალაქის ულამაზესი ბუნებით
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე იქნება მულტიფუნქციური პარკი, რომელიც ყველას მისცემს შესაძლებლობას, დაისვენოს და დატკბეს დედაქალაქის ულამაზესი ბუნებით

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე იქნება მულტიფუნქციური პარკი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე მოქალაქეს, რომ ხარისხიანად დაისვენოს და დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ულამაზესი ბუნებით, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საჩუქრად, უსასყიდლოდ გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს.

„ყველასთვის ცნობილია, რა არის ფონდი „ქართუ“ და რას საქმიანობს საქართველოში. ბოლო 25 წლის განმავლობაში ფონდმა 3 მლრდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა საქართველოში, მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო – კულტურა, მეცნიერება, განათლება, სპორტი, ჩვენი ისტორიული ძეგლების აღდგენა და, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა. ამ მხრივ, ფონდს უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული. შეიძლება, ჩამოვთვალოთ თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები, რომელზედაც წლებია, ვზრუნავთ, ახლახანს დასრულებული დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში. ჩვენი დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები და ნაკრძალები, სადაც უამრავი ინფრასტრუქტურა გვაქვს აღდგენილი. ამჟამად თბილისში ურბანული ტყის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ხორციელდება მთაწმინდისა და ვერეს ფერდობზე, უახლოეს მომავალში თითქმის 700 ჰა ფართობი იქნება ისევ განახლებული და ეს სარეკრეაციო ზონა ახალი, მწვანე ფილტვების ფუნქციას შესძენს ამ ადგილს და გააჯანსაღებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას დედაქალაქში.

დღეს ვსაუბრობთ თბილისის ცენტრალურ პარკზე, რომელიც გაშენდება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა წლების წინ ეს ტერიტორია შეიძინა კერძო პირებისგან და მიიღო გადაწყვეტილება, გადმოეცა ეს ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. ფონდი „ქართუ“ 100 პროცენტით დააფინანსებთ იქ სამუშაოების ჩატარებას და ახალი ცენტრალური პარკის შექმნას. ეს იქნება მულტიფუნქციური პარკი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე მოქალაქეს, რომ ხარისხიანად დაისვენოს და დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ულამაზესი ბუნებით. თბილისი ჩვენი ქალაქია, სახლია და ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, ვზრუნავდეთ მასზე და ვალამაზებდეთ ჩვენს თბილისს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

იხილეთ პრეზენტაცია, როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი.

დატოვე კომენტარი