ნიკოლოზ ჩხეტიანი - ფონდი „ქართუ“ ბოტანიკურ ბაღში საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას სრულად დააფინანსებს
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ფონდი „ქართუ“ ბოტანიკურ ბაღში საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას სრულად დააფინანსებს

ფონდი „ქართუ“ ბოტანიკურ ბაღში საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას სრულად დააფინანსებს, რაც ბოტანიკური ბაღის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის – ამის შესახებ ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონი ლარის დაფინანსებაზე. როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, თანხის ოდენობა უახლოეს მომავალში დაზუსტდება. 

„ფონდი „ქართუ“ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ბოტანიკური ბაღის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. ჩვენი დაფინანსებით, ბაღში წლების განმავლობაში უამრავი პროექტი გაკეთდა. კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ფონდი სრულად დააფინანსებს აღნიშნულ ველო ბილიკისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, რაც საკმაოდ გაზრდის ბაღის ტურისიტულ პოტენციალს. შესაძლებლობას მისცემს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სპორტულად და აქტიურად მიიღონ ის სიკეთეები, რაც ბაღს გააჩნია, დაისვენონ აქ. ეს გაზრდის ბაღის შემოსავლებს, გაკეთდება საპარკინგე ადგილები, ველობილიკი და ფეხით მოსიარულეთა ბილიკი, რაც გაზრდის ბაღის დამოუკიდებლობის დონეს.

სრული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საპარკინგე სივრცის მოწყობა, დაფინანსებული იქნება ფონდ „ქართუს“ მიერ. ამ მომენტში მიმდინარეობს პროექტირება. საუბარია რამდენიმე მილიონზე, რაც დაზუსტდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.