ნიკოლოზ ჩხეტიანი - იპოდრომის ტერიტორია 2010 წელს კერძო პირებისგან 52 მილიონ დოლარად არის ნაყიდი და ეს კერძო პირები წინა ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული
ერთი ჯიბიდან მეორეში ფულის გადატანა კი არა, იპოდრომის ტერიტორია 2010 წელს კერძო პირებისგან 52 მილიონ დოლარად არის ნაყიდი და ეს კერძო პირები წინა ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ჟურნალისტების მიერ ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„როგორც ყოველთვის, უსაფუძვლო, სულელური ბრალდებებია; მცდელობაა, რომ ჩირქი მოსცხონ ამ მაგარ პროექტს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა უბრალოდ დააიგნორებს ამ სისულელეს. იპოდრომის ტერიტორია გუშინ გადაეცა თბილისის მერიას. „ქართუ“ ფონდმა მიწა, რაც იყო მის საკუთრებაში, სრულად, უსასყიდლოდ გადასცა თბილისის მერიას. „ინვესტ კაპიტალს“ გადაუხადა ფონდმა „ქართუმ“, რადგან საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს ფონდი „ქართუ“ და შესაბამისად, ჩვენი ჩასატარებელია უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ფონდი „ქართუ“ არის ის სტრუქტურა, რომელიც ასეთ პროექტებს აკეთებს და იმიტომაც განხორციელდა ეს ფონდი „ქართუს“ სახელით. ერთი ჯიბიდან მეორეში ფულის გადატანა კი არა, 2010 წელს ეს ტერიტორია კერძო პირებისგან იყო ნაყიდი 52 მილიონ დოლარად; ეს კერძო პირები, სხვათა შორის, ილინკებიან წინა ხელისუფლებასთან და ძალიან გთხოვთ, უსაფუძვლო ბრალდებებს თავი დაანებეთ“, – მიმართა ჩხეტიანმა ჟურნალისტებს.
ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს პარკის პროექტირება.
„მზად არის ესკიზური და თემატური პროექტი. იქნება ინტენსიური პროექტირების ნაწილი და აქედან გამომდინარე, ბიუჯეტი დაზუსტდება უკვე მუშა პროექტზე დაყრდნობით. შემიძლია, წინასწარ ვთქვა, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია და ფართობიდან გამომდინარე, სულ მცირე 15-20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.