ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში წააგო რომის „მასტერსის“ პირველი წრე #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში წააგო რომის „მასტერსის“ პირველი წრე #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა რომის „მასტერსზე“ – მან სამსეტიანი ბრძოლა წააგო იტალიელ მატეო ბერეტინისთან.

ჩოგბურთელები მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში და ანგარიში 2:2 იყო. წელს, ორივემ მოასწო თითო ტიტულის მოგება გრუნტის საფარზე – ბასილაშვილმა მიუნხენში იმარჯვა და იმავე კვირას ბელგრადის ტურნირი მოიგო ბერეტინიმ. ამასთან, იტალიელმა გასულ კვირას მადრიდის „მასტერსზეც“ შესანიშნავად ითამაშა, ფინალამდე მივიდა, რომელშიც სამ სეტში წააგო გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან.

ბასილაშვილმა პირველი სეტი მაღალ დონეზე წარმართა. ქართველს ერთადერთი ჩავარდნა მეექვსე გეიმში ჰქონდა, რომელშიც ბერეტინიმ სეტში თავისი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. თუმცა, ბასილაშვილს მანამდე უკვე შესრულებული ჰქონდა ერთი ბრეიკ-პოინტი, მეშვიდე გეიმში კი მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და ეს საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად. ნიკამ ბოლო ორ საკუთარ გეიმში ქულა არ დათმო, პირველ მოწოდებაზე ჯამში მხოლოდ ოთხი ქულა წააგო, მეორეზე – ოთხი.

მეორე სეტში სიტუაცია შეიცვალა. ბერეტინიმ მოუმატა თამაშს მეტოქის გეიმებში და ბასილაშვილი ვეღარ იღებდა იოლად თავის მოწოდებებს. შედეგად, იტალიელმა სამ გეიმში მოიპოვა თითო ბრეიკ-პოინტი და აქედან ორი გამოიყენა. ბასილაშვილმა ერთხელ გაიბრძოლა მოწინაამდეგის მოწოდებაზე, მაგრამ მეხუთე გეიმში ვერ შეძლო სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება. ასე რომ, დაჭირო გახდა მესამე სეტის თამაში.

გადამწყვეტი პარტიის პირველ ნაწილში თანაბარი თამაში მიდიოდა – პირველ ექვს გეიმში ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტი არ ჰქონიათ. მეშვიდე გეიმში ბასილაშვილი ძალიან ახლოს მივიდა ბრეიკთან – სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ იტალიელმა შეძლო რთული სიტუაციიდან გამოსვლა. ამის შემდეგ მეტოქეებმა იოლი გეიმები გაცვალეს და მეათე გეიმამდე მივიდნენ, რომელშიც ბერეტინიმ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რომელიც თან მატჩბოლიც იყო. იტალიელმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ორ საათსა და ხუთ წუთში 4:6, 6:2, 6:4 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა წელს მე-14 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მეათედ გამოეთიშა ბრძოლას პირველი წრიდან. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიდიოდა.