ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩბოლი მოიგერია და როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
პირველ სეტში ბასილაშვილს მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – სამი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ პარტია შვეიცარიელს დარჩა, რადგან მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ქართველმა კი სამივე შანსი გაფლანგა – ერთი პირველ გეიმში და ორი – მეხუთეში.
სამაგიეროდ, მეორე სეტში ბასილაშვილი სრულ უპირატესობას ფლობდა და ფედერერს პარტია ისე მოუგო, რომ შვეიცარიელმა მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. ქართველმა პირველი ბრეიკი მატჩში მეორე გეიმში შეასრულა. მომდევნო გეიმში ბასილაშვილი ძალიან რთული მდგომარეობიდან გამოვიდა – 0:40-დან მოიგო საკუთარი მოწოდება. მეექვსე გეიმში ნიკამ სეტში მეორე ბრეიკიც აიღო და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.
მესამე სეტში მეტოქეები დიდი ხანი ვერ მიდიოდნენ ბრეიკ-პოინტამდე და დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას. ნავსი ბასილაშვილმა გატეხა, როცა მეშვიდე გეიმში ერთბაშად სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ სამივე შანსი გაანიავა.
ამასობაში, ნიკა თავის გეიმებში თითქმის არ ცდებოდა – პირველ ოთხ საკუთარ გეიმში მხოლოდ ორი ქულა დათმო, მაგრამ კრიტიკული მომენტი მეათე გეიმში დაუდგა, როცა ფედერერმა პირველი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რომელიც მატჩბოლი იყო. ბასილაშვილმა გადაარჩინა მატჩი და თამაში გაგრძელდა. მე-11 გეიმში მან ორმაგი დაფარული მატჩბოლი მოიპოვა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – ქართველმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, რაც ძალიან იოლად გააკეთა – ბოლო გეიმი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო და ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცზე გავიდა.
ATP-ის „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა მოკლე ვიდეო, როგორ დაემშვიდობა მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი დოჰას.