ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე - ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი, უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე - ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი, უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა სისტემატურად ხდებოდა.

როგორც ნეკა დოროყაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, ყოფილი ქმრისთვის გირაოს შეფარდებით უკმაყოფილოა და აპირებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია. ჩემი ბავშვის თანდასწრებით მოხდა ეს, ძლივს გადავარჩინე მისი სიცოცხლე. ​აღმენიშნება დაზიანებები, ექსპერტიზა ჩატარდა და კიდევ არის დაგეგმილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ფოტომასალაც არის. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა. საქართველოა და ვუფრთხილდებოდი ოჯახის სტატუსს. დაშორების შემდეგ ამ ყველაფერმა ასეთი ხასიათი მიიღო, ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ მე და ჩემი შვილი, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით. იქით ჩემი მამამთილის და ქმრის მხრიდან, აქეთ ჩემი დედამთილის მხრიდან, მე უბრალოდ უცხო პირმა გადამარჩინა, უცხო მანქანას ჩავუჯექი“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

​მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ხელში მისთვის გაურკვეველი ნივთი ეჭირა, როდესაც მისკენ მიდიოდა.

„ცივი იარაღი არ იყო. გამოიქცა და ეჭირა რაღაც დიდი, ტარი დავინახე. იმდენად აფექტში იყო, ბავშვი ვერც მან დაინახა. იმდენად სწრაფად გამოვიქეცი, ვერ ვიხსენებ, ეს არ იყო, თოფი თუ პისტოლეტი, ეს იყო უფრო ჯოხი“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა. 

ამასთან, როგორც საქმის პროკურორი ნათია გურული აცხადებს, შემაკავებელი ორდერი გამოწერილი აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას. თუმცა, მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული ამ ეტაპზე არ მიუთითებს.