პროკურორი - სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა, არ დაგვეთანხმა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ან ბასილაშვილის მიმალვის რისკი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს
პროკურორი - სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა, არ დაგვეთანხმა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ან ბასილაშვილის მიმალვის რისკი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა, ნათია გურულმა განაცხადა. გირაოს გადახდის ვადად ბასილაშვილს 30 დღე მიეცა.

„სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ ბრალდების მხარის მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის, მტკიცებულების განადგურების ან ბასილაშვილის მიმალვის რისკი. ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. გირაო შეეფარდა 100 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე“,- განაცხადა პროკურორმა.

როგორც პროკურორი აცხადებს, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს. ამასთან, ნათია გურული ადასტურებს, რომ ბასილაშვილის მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი, თუმცა, როგორც პროკურორი ამბობს, მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული ამ ეტაპზე არ მიუთითებს.

„გამოძიების ინტერესიდან და არასრულწლოვანის ინტერესიდან გამომდინარე ბრალდების მხარე მტკიცებულების შინაარსობრივ ნაწილში ვერ შევა, თუმცა ჩვენ სრული ის მტკიცებულებები, რაც არსებობდა გადავეცით როგორც სასამართლოს, ასევე დაცვის მხარეს.

ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი, ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებულიც არ მიუთითებს ამ ეტაპზე, შესაბამისად, ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ, გამოძიება გრძელდება“,- აცხადებს პროკურორი.

როგორც ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ აღნიშნა, ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მტკიცებულებები არ არსებობს.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.