ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი - შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ქალზე არავინ არ ძალადობს
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი - შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ქალზე არავინ არ ძალადობს

საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების საფუძველი იქნებოდა, – ამის შესახებ ბრალდებული ჩოგბურთელის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მასალებით, რომლებიც სასამართლოში პროკურატურამ წარმოადგინა, არ დასტურდება და არ მტკიცდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე იძალადა. როგორც ადვოკატი ამბობს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები სადაც ჩანს, რომ ქალზე არავინ ძალადობს.

„ტენდენცია ამ ქვეყანაში გახლავთ შემდეგი, რომ ქალზე განხორციელებულ ძალადობაზე საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონის განცხადება და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ბუნებრივია. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალადობის მსხვერპლმა ქალბატონებმა აუცილებლად უნდა განაცხადონ და უნდა დაიცვან თავი მოძალადე მეუღლეებისგან. თუმცა მასალები, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცა და მასალებით, რომლებიც სასამართლოში პროკურატურამ წარმოადგინა არ დასტურდება და არ მტკიცდება რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მის მეუღლეზე იძალადა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ქალბატონზე არავინ არ ძალადობს“,- განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო დონეზე დაიცავს საკუთარ ინტერესებს და დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს.

„რასაკვირველია, ვეთანხმები და ვგმობ ქალთა მიმართ ძალადობას და ასევე გმობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი არ გახლავთ მოძალადე ადამიანი, არ გახლავთ აგრესიული. ის არათუ საკუთარი ყოფილი მეუღლის და მისი შვილის დედის მიმართ, ზოგადად, ყველა ქალბატონის მიმართ უდიდესი მოწიწებით და პატივისცემით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, მისთვის იმდენად შეურაცხმყოფელია და იმდენად ტრაგიკულია ეს მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ის არის, რომ იძულებული გახდა ყველა დონეზე, როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო დონეზე დაიცვას საკუთარი ინტერესები და დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ჭკადუას თქმით, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი რაღაცის დუმილის სანაცვლოდ ყოფილ მეუღლეს გარკვეულ თანხას უხდიდა, არის სიცრუე.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, დღეიდან ბასილაშვილი ბავშვისთვის დაკისრებულ ალიმენტს გადაიხდის და დამატებით ხარჯებს აღარ გაიღებს.

„ასეთი აზრი მუსირებს, რომ თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი რაღაცის დუმილის სანაცვლოდ ყოფილ მეუღლეს გარკვეულ თანხას უხდიდა, ეს არის სიცრუე. ბასილაშვილს დაკისრებული აქვს სასამართლოთი გარკვეული ალიმენტი და ის დღეიდან მხოლოდ და მხოლოდ გადაიხდის ალიმენტს და დამატებით ხარჯებს რასაც იღებდა, დღეიდან შეწყვეტს იმის სანაცვლოდ, რომ თუ ვინმეს რაიმე აქვს გამოსაქვეყნებელი, გამოაქვეყნონ. არავის ეგონოს, რომ ბასილაშვილი რაღაცის სანაცვლოდ იხდის თანხას“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატი სახალხო დამცველის განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ირმა ჭკადუას თქმით, არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის მონათხრობზე გააკეთო დასკვნები და ადამიანები მოძალადედ შერაცხო.

​ჭკადუა​ს განცხადებით, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ დასკვნებს იქამდე ნუ გააკეთებენ, ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს.

„ზოგადად, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ნიშნავს იმას, რომ ის არის ყველას დამცველი. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის მონათხრობზე გააკეთო დასკვნები და ადამიანები შერაცხო მოძალადედ. ძალიან კარგს იზამს, თუკი მონიტორინგს განახორციელებს. ამ საქმეში ჩართულია არასრულწლოვანი ბავშვი და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლებამოსილება და შესაძლებლობა, რომ გავასაჯაროოთ მტკიცებულებები, რომლებიც საქმეშია, რომელიც ნათელს მოჰფენს და საზოგადოება დარწმუნდება იმაში, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არ არის მოძალადე.

ლომჯარიას მიკერძოებაზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ზოგადად, ტენდენცია გვაქვს ისეთი და მეც ასე ვარ, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის ქალბატონების მხარეს ვარ, მაგრამ ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, რომელიც იტყვის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაიდინა ძალადობა, მანამდე მისი მოძალადედ მოხსენიება როგორც მინიმუმ, უხერხულია. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ვხედავთ ორი დღის განმავლობაში ეს ადამიანი, რომელმაც საერთაშორისო დონეზე გაიტანა საქართველოს სახელი, ერთი ხელის მოსმით მისი კარიერა და მორალი გავანადგურეთ. არ შეიძლება ასე. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ დასკვნებს ნუ გააკეთებენ იქამდე, ვიდრე ამაზე იმსჯელებს სასამართლო“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.