ადვოკატი ნინო ლომჯარიას პასუხობს - ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ
ადვოკატი ნინო ლომჯარიას პასუხობს - ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ

ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ, – ასე პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველის განცხადებას. ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დაზარალებულ ქალს მხარდაჭერას უცხადებს და სახელმწიფო უწყებებს მისი დაცვისკენ მოუწოდებს“.

„კი ბატონო, დაიწყონ საქმის შესწავლა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ზოგადად, ყველა მხარეს უნდა მოუსმინონ და ასეთი ცალმხრივი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და არ უნდა იქნეს მოხსენიებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც მოძალადე, ვინაიდან სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე. ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ, ეს არის ჩემი პოზიცია“,- განაცხადა ადვოკატმა.

ჭკადუას ინფორმაციით, ბასილაშვილმა შეფარდებული გირაოს თანხა, 100 ათასი ლარი უკვე გადაიხადა. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„დიახ, გადაიხადა უკვე გირაოს თანხა. ნიკოლოზის პოზიცია გახლავთ შემდეგი, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. დანარჩენს უკვე მოგახსენებთ განცხადებაში, რომელსაც გავავრცელებთ“,- აცხადებს ჭკადუა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ადვოკატი უახლოეს საათებში განცხადების გავრცელებას გეგმავენ.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.