მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის სეზონში მორიგ ტურნირს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩაატარებს.
„250“ კატეგორიის ტურნირზე, თავი საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა. ბასილაშვილი მეხუთე ნომრად იქნება განთესილი. მასზე მაღალი განთესვის ნომრები ექნებათ: რუს კარენ ხაჩანოვს (მე-11 ნომერი კლასიფიკაციაში), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (12), რუს დანიილ მედვედევს (15) და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს (18). ასევე რვა განთესილს შორის მოხვდებიან: ესპანელი ფერნანდო ვერდასკო (26), ფრანგი გაელ მონფილსი (33) და შვეიცარიელი სტენ ვავრინკა (57).
სოფიაში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) დონის ტურნირის მეოთხედ ტარდება. წინა ჩემპიონები იყვნენ: რობერტო ბაუტისტა აგუტი (2016), ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი (2017) და ბოსნიელი მირზა ბაშიჩი (2018).
ბასილაშვილს შარშან სოფიაში არ უთამაშია, 2017 წელს კი იქ სერიოზულ წარმატებას მიაღწია – ერთ-ერთ ეტაპზე ავსტრიელ დომინიკ ტიმს მოუგო, ნახევარფინალმდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონთან დიმიტროვთან წააგო.