სეზონის ბოლოსწინა „მასტერსზე“, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება, მეორე წრე დაიწყო. ამ ეტაპზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ფრანგი ბენუა პერი იყო. მათი შეხვედრა საათი და 40 წუთი გაგრძელდა და ქართველმა სამ სეტში გაიმარჯვა – 6:4, 1:6, 6:1.
პირველ სეტში ჩოგბურთელებს თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ. ჯერ ეს შანსი პერს მეორე გეიმში გაუჩნდა და ვერ გამოიყენა, ბასილაშვილმა კი მეშვიდე გეიმში მიიღო მეტოქის მოწოდების მოგების შესაძლებლობა და ხელიდან არ გაუშვია. ეს საკმარისი აღმოჩნდა პირველი პარტიის მოსაგებად.
საინტერესოა, რომ მეორე სეტში ქართველ ჩოგბურთელს ფრანგზე მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ანგარიშით 1:6 განადგურდა. პერიმ პირველი ბრეიკი მეოთხე გეიმში შეასრულა. მომდევნო გეიმში ბასილაშვილმა სამი ბრეიკ-პოინტი გაანიავა და უკუბრეიკი ვერ შეასრულა, რის შემდეგაც საკუთარი მოწოდება კიდევ ერთხელ დათმო და შემდეგ ფრანგმა სეტზე ჩააწოდა.
მესამე სეტის პირველი გეიმი ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე მოიგო, მეორე გეიმში 30:30-ზე კი მატჩი წვიმის გამო შეწყდა. პაუზა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. თამაშის განახლების შემდეგ, ნიკამ ზედიზედ ორი ქულა აიღო და ბრეიკი შეასრულა. ამ პარტიაში ქართველს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა – მის გეიმებში ბრძოლა პრაქტიკულად არ იყო, სეტის მიწურულს კი ნიკამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მატჩზეც ჩააწოდა.
ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში მეოთხე ნომრად განთესილი დომინიკ ტიმისა და ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას მატჩში გაირკვევა.