მოგებით დაიწყო როტერდამის ATP500-ის ტურნირი ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში მოუგო კორეელ ჰიეონ ჩუნგს – 4:6, 7:6(1), 6:2. მატჩი ორი საათი და 19 წუთი გრძელდებოდა.
პირველი სეტი ძალიან ჰგავდა წინა კვირას, სოფიას ტურნირზე ბასილაშვილისა და გერმანელ დანიელ ბრანდსის მატჩის მეორე სეტს, როცა ქართველი 4:0 დაწინაურდა, მაგრამ მაინც დათმო პარტია.
ამჯერად, ბასილაშვილი ანგარიშით 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ, ჩუნგმა ინიციატივა მოიპოვა – ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო და ანგარიშით 6:4, 2:0 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეაჩერა მეტოქის წინსვლა ქართველმა ჩოგბურთელმა – მომდევნო ექვსი გეიმიდან ხუთი მოიგო, ბრეიკით დაწინაურდა და 5:3-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ წააგო საკუთარი მოწოდება. პარტიის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელშიც ბასილაშვილი ანგარიშით 5:0 დაწინაურდა და მალე სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე პარტიაში კორტზე ბასილაშვილი დომინირებდა – მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა, თავად კი ორი ბრეიკი შეასრულა.
მეორე წრეში ბასილაშვილი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.