ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ფინალში პორტუგალიელ ენრიკე როკასთან დამარცხდა #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ მურსიაში დასრულებული ჩელენჯერის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიელ ენრიკე როკასთან სამ სეტში, 6:3, 6:7 (7:0), 5:7 დამარცხდა.
ტრავმის შემდეგ მურსიის ტურნირი ბასილაშვილისთვის ყველაზე წარმატებული იყო. მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალამდე ექვსი შეხვედრა მოიგო.
ფინალური მატჩიც ქართველის უპირატესობით დაიწყო, მან პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო და მეორე სეტშიც წინ იყო – 3:1. ამის შემდეგ პორტუგალიელი გააქტიურდა, რამდენიმე საკვანძო ქულა მოიგო, სეტი ტაიბრეიქამდე მიიყვანა და იქ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მესამე სეტიც ბასილაშვილის სცენარით მიდიოდა, ნიკოლოზი ისევ 3:1 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება გაუჭირდა და მატჩიც დათმო.
მომდევნო კვირიდან 32 წლის ქართველ ჩოგბურთელს ნეაპოლის ჩელენჯერის ტურნირზე აქვს მონაწილეობა დაგეგმილი, მისი პირველი მეტოქე იტალიაში ტუნისელი დუგაზი იქნება.