ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩვეული ფორმისგან ჯერ კიდევ შორს ვარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ ამის გამოსასწორებლად
დევისის თასის პლეიოფში ესტონელი მეტოქის დამარცხების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომენტარი გააკეთა.
„ამ მეტოქესთან აქამდე არასდროს მითამაშია. რაც შეეხება ჩემს თამაშს, როგორც მატჩიდან გამოჩნდა, ჯერ-ჯერობით არა ვარ საუკეთესო ფორმაში, ფიზიკურადაც ბევრი ტექნიკური პრობლემა მაქვს. თუმცა ორი თვის წინ როგორც ვთამაშობდი, იმასთან შედარებით გაცილებით უკეთ ვარ. მატჩიდან მატჩამდე განვვითარდები. ჯერ ჯერობით შორს ვარ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ მთავარი მიზნები, რაც გვაქვს, გეგმის მიხედვით მიდის“. – ამბობს ბასილაშვილი. – „რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ტკივილგამაყუჩებლებით ვთამაშობ, მაგრამ რეაბილიტაცია პარალელურად მიდის. ჯერ ჯერობით 100 პროცენტის ჩადება არ შემიძლია. ახლა არანაირ ტაქტიკურ მომზადებას აზრი არა აქვს, თუ პირველ რიგში ფიზიკური მომზადება არ გავაუმჯობესე. ხელის ტრავმის გამო დიდი დრო დავკარგე, შარშანაც ტკივილგამაყუჩებლებიც ვითამაშე, შემდეგ მუცელზე მქონდა პრობლემა, შემდეგ გავიკეთე ოპერაცია და ახლა გეგმის მიხედვით მივდივარ. ძალიან კარგი გუნდი მყავს და წლის ბოლომდე, იმედია, საუკეთესო ფორმაში შევალ“.
შეგახსენებთ, რომ დევისის თასის პლეიოფის პირველ მატჩში ბასილაშვილმა ესტონელი ვლადიმირ ივანოვი 6-4, 6-1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა მოუტანა.