ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის ღიას უშანსოდ გამოეთიშა - ქართველმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო #1TVSPORT
ნიუ იორკში დაიწყო „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა. პირველივე დღეს გამოეთიშა ბრძოლას ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ტურნირის 31-ე ნომერი 22 წლის ჩინელს იბინ ვუს ხვდებოდა, რომელიც 178-ე ადგილზეა რეიტინგში. ქართველმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია იუნიორებს შორის მსოფლიოს ყოფილი პირველ ჩოგანს და საათსა და 40 წუთში წააგო – 3:6, 4:6, 0:6.
ვუმ ცხრიდან ხუთი ბრეიკპოინტი გამოიყენა, ბასილაშვილმა – ექვსიდან ვერც ერთი. ექვსივე შანსი ქართველს მეორე სეტში ჰქონდა. ნიკამ მხოლოდ ცხრა ქულა აიღო მეორე მოწოდებით (28 გათამაშებიდან), 19 „ვინერსი“ ჩააგდო და 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
უიმბლდონის შემდეგ, რომელშიც ბასილაშვილი მესამე წრეში გავიდა, ქართველმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, თანაც ისე, რომ ერთი სეტიც არ მოუგია. ამ შეხვედრებში ბასილაშვილმა სამჯერ დათმო სეტი „მშრალი“ ანგარიშით.