ნიკოლოზ ანთიძე - რეპრესირებულ პირთა იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა სამარხების გათხრა 
ნიკოლოზ ანთიძე - რეპრესირებულ პირთა იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა სამარხების გათხრა 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ხელვაჩაურში აღმოჩენილ რეპრესირებულთა სამარხთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ექნება კომუნიკაცია და მათგან გაარკვევს დეტალებს.

„ძალიან მაინტერესებს თუ რა მოხდა, სად მოხდა, რატომ ხდებოდა ეს გათხრები, რატომ გავიგეთ ასე შემთხვევით. ვეცდები, დღესვე დავადგინო ეს ყველაფერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ურთიერთობით. წავიკითხე, რომ წელიწადნახევარია, რაც აღმოჩენილია ეს სამარხი და ჩვენ ამის შესახებ არ შეგვატყობინეს. არც ის ვიცით, ამ მომენტში სად არის გადასვენებული ნეშტები”, – განაცხადა ანთიძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი სახის აღმოჩენა, იქნება ეს არქეოლოგიური თუ რაიმე სხვა, უნდა ეცნობოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

„შემდეგ ჩადიან ადგილზე ჩვენი სპეციალისტები. ადგილზე ნახულობენ, თუ რა ხდება, რა მდგომარეობაა და შემდეგ უკვე იწერება სამოქმედო გეგმა”, – აღნიშნა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისი თქმით, უნდა გაირკვეს, რატომ დაიწყო მიწის სამუშაოები და რის შედეგადაც მოხდა აღმოჩენა.

ანთიძის განცხადებით, ასევე დასადგენია, რატომ არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია გათხრების შესახებ.

„პირთა იდენტიფიკაციაც უნდა მოხდეს, ესეც არის ჩვენი მიზანი. გასარკვევი გვაქვს, საერთოდ არქეოლოგიურად სწორად მოხდა თუ არა გათხრები, მოხდა თუ არა სწორად ამოღება საფლავებიდან, იმიტომ რომ შემდგომ კვლევებს იდენტიფიცირებისთვის, იგივე გენეტიკური კვლევისთვის თუ სხვა რაღაცისთვის, არქეოლოგიური სამუშაოების სისწორეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

ისიც არ ვიცით საერთოდ, იყვნენ თუ არა სპეციალისტები ჩართულნი ამ გათხრებში, იმიტომ რომ სურათებზე, რომლიდანაც შევიტყვეთ სამარხის შესახებ, არ ჩანდნენ სპეციალისტები. ამიტომ ეს საკითხიც გასარკვევი გვაქვს”, – აღნიშნა ანთიძემ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.