ნიკოლო ფაჯოლი - ტონალიმ მაიძულა, დავრეგისტრირებულიყავი არალეგალურ ტოტალიზატორში #1TVSPORT
„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯოლიმ ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ არალეგალურ ბუკმეიკერთან „ნიუკასლის“ ნახევარმცველის სანდრო ტონალის რჩევით დარეგისტრირდა.
ეს 2021 წელს მოხდა, როცა ფაჯოლი და ტონალი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდნენ, – წერს გამოცემა Tuttosport.
„მე ვუყურებდი, როგორ აკეთებდა ფსონებს ტონალი. ვკითხე ამის შესახებ.
მან მითხრა, რომ მეც შემიძლია იგივეს კეთება. ის მარწმუნებდა, რომ არანაირ კვალს არ დატოვებდა და მაიძულა ჩემი ანგარიშის დარეგისტრირება არალეგალურ ბუკმეიკერთან. ჩემი პირველი ფსონები ჩოგბურთზე გავაკეთე, შემდეგ – ფეხბურთზე.
სხვა არალეგალურ პლატფორმებსაც ვიყენებდი, მაგრამ უკვე არ მახსოვს ყველას სახელი, რადგან ისინი ყოველ თვე იცვლებოდნენ.
ფსონების კეთება 2021 წლის ზაფხულში დავიწყე. არასოდეს მიკითხავს – ლეგალური თუ არალეგალური იყო ესა თუ ის პლატფორმა. განსხვავება იმაში იყო, რომ არალეგალურ პლატფორმებზე შემეძლო ფულის წინასწარი გადახდის გარეშე მეთამაშა. უბრალოდ დროის მოკვლა მინდოდა.
წლის განმავლობაში, ძირითადად, ჩოგბურთზე ვდებდი ფსონებს. 2022 წლის იანვარში უკვე დეპრესია მქონდა დაგროვებული ვალების გამო, იმავე წლის სექტემბრიდან კი დიდი თანხების დადება დავიწყე ფეხბურთზე“, – განაცხადა „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დაკითხვაზე.
შეგახსენებთ, რომ ფაჯოლი დამნაშავედ სცნეს საფეხბურთო მატჩებზე ფსონებში და 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.