ნიკოლ ფაშინიანი - მაღალჩინოსანთა ქმედებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პრემიერ-მინისტრის გზავნილებს, სწორედ მათ უნდა აჩვენონ ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მაგალითი
ნიკოლ ფაშინიანი - მაღალჩინოსანთა ქმედებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პრემიერ-მინისტრის გზავნილებს, სწორედ მათ უნდა აჩვენონ ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მაგალითი

მაღალჩინოსანთა ქმედებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პრემიერ-მინისტრის გზავნილებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სწორედ მაღალჩინოსნებმა უნდა აჩვენონ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მაგალითი.

„სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ეს ასე არ არის. არ შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის მქონე ჩინოსნის ქმედებები ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრის საჯარო გზავნილებს.

მინდა, რომ ეს ყველასთვის იყოს გასაგები და ნათელი: არ შეიძლება, იყოს ისეთი სიტუაცია, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის მქონე ჩინოსნის ქმედებები ეწინააღმდეგებოდეს პრემიერის სიტყვების ტექსტსა და კონტექსტს და ამას არ მოჰყვეს კონკრეტული ქმედება. ეს ადამიანურ, პირად ურთიერთობებზე მაღლა დგას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

გავრცელებულ ვიდოეკადრებში ჩანს, რომ აგარაკის შესასვლელთან უამრავი მანქანა იდგა. მათ შორის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებიც.

სომხეთის გენშტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინის პერიოდში შვილს ქორწილი გადაუხადა, თანამდებობა დატოვა.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროების საბჭოს დირექტორი და პოლიციის უფროსი.