სომხეთის გენშტაბის უფროსმა, რომლის შვილის ქორწილსაც კარანტინის პერიოდში 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, თანამდებობა დატოვა
სომხეთის გენშტაბის უფროსმა, რომლის შვილის ქორწილსაც კარანტინის პერიოდში 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, თანამდებობა დატოვა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა თანამდებობა დატოვა.

შესაბამის განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

მის ნაცვლად, გენშტაბის უფროსად გენერალ-ლეიტენანტი ონიკ გასპარიანი დაინიშნა.

არტაკ დავთიამა გენშტაბის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში შვილს ქორწილი გადაუხადა.

როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, აგარაკის შესასვლელთან უამრავი მანქანა იდგა, მათ შორის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებიც.

მოგვიანებით, დავთიანმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებიც შეცვალა. კერძოდ, ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორად პოლკოვნიკი არგიშტი კიარამიანი დაინიშნა, პოლიციის უფროსად კი – ვაგე კაზარიანი.

დატოვე კომენტარი