ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატებს ითხოვს
ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, ტრამპი ბაიდენთან დებატებს ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.
„ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მე და ჯო ბაიდენმა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ამერიკელი ხალხისთვის. ამიტომ მე ვითხოვ დებატებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! მოუთმენლად ველოდები პასუხს“, – წერს ტრამპი.
ბაიდენის საარჩევნო შტაბმა ტრამპს უკვე უპასუხა. ბაიდენის შტაბში აღნიშნეს, რომ ეს საუბარი მათ ექნებათ „შესაფერის დროს“ და მოუწოდეს ყოფილ პრეზიდენტს, უყუროს ბაიდენის გამოსვლას ხუთშაბათს.
ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს ოფიციალურად
გამოეთიშა. შედეგად, რესპუბლიკური პარტიიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი, დონალდ ტრამპი რჩება.