ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს ოფიციალურად გამოეთიშა, შედეგად, რესპუბლიკური პარტიიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი, დონალდ ტრამპი რჩება
ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს ოფიციალურად გამოეთიშა, შედეგად, რესპუბლიკური პარტიიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი, დონალდ ტრამპი რჩება

ნიკი ჰეილი ოფიციალურად გამოეთიშა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„მოვიდა დრო, შევაჩერო ჩემი კამპანია. მე ვთქვი, რაც მსურს, რომ ამერიკელებმა საკუთარ ხმებს მოუსმინონ. მე ეს გავაკეთე. არაფერს ვნანობ“, – თქვა ნიკი ჰეილიმ, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის იბრძოდა.

ნიკი ჰეილის გადაწყვეტილების შედეგად, რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი დარჩა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

თავის გამოსვლაში ნიკი ჰეილიმ მიულოცა დონალდ ტრამპს, თუმცა მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

„ყველა შემთხვევაში, დონალდ ტრამპი იქნება რესპუბლიკური პარტიიდან წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როდესაც ჩვენი პარტიის ყრილობა გაიმართება პირველ ივლისს. მე ვულოცავ მას და ყოველივე კარგს ვუსურვებ. მე ყველას კარგს ვუსურვებ, ვინც გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენი ქვეყანა იმდენად ძვირფასია, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენმა განსხვავებებმა დაგვყოს. ახლა დონალდ ტრამპის საქმეა, დაიმსახუროს ჩვენი პარტიის იმ წევრების ხმები და სხვებისაც, ვინც მას არ დაუჭირა მხარი. იმედია, ის ამას შეძლებს“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ცნობისთვის, 5 მარტს აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა, რა დროსაც ერთდროულად 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზები, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩიეს. 14 შტატში რესპუბლიკური პარტიიდან გამარჯვებული დონალდ ტრამპი გახდა. ნიკი ჰეილიმ წარმატებას მხოლოდ ერთ შტატში, ვერმონტში მიაღწია.